ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური პარტნიორობა  ხელს უწყობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაციას, დემოკრატიზაციის პროცესების გაღრმავებას და საზოგადოების როლის ამაღლებას სახელმწიფოს მართვაში.

 

გამართული სოციალური პარტნიორობის  სისტემის პირობებში:                                  

•         მუშაკების ინტერესებს წარმოადგენენ პროფესიული კავშირები;

•         ბიზნესის, ანუ დამსაქმებელთა ინტერესებს - მეწარმეთა სხვადასხვა სახის სექტორალური (დარგობრივი) გაერთიანებები;

•         ტრიპარტიზმის პრინციპიდან გამომდინარე პარტნიორთა ინტერესების შეთანხმების უშუალო მონაწილეს, ე.ი. მესამე მხარეს, წარმოადგენს - სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად ასრულებს შეთანხმებების შესრულების გარანტის ფუნქციას.

 

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სოციალური პარტნიორობა არ უნდა წარმოადგენდეს „სახემწიფო მანქანის სწრაფი ჩაქროლვის ცალმხრივ მაგისტრალს“. პარტნიორობა  და  თანხმობა მიიღწევა მხოლოდ სოციალური დიალოგის მეშვეობით, მხარეთა ინტერესების თაობაზე მოლაპარაკების შედეგად, ანუ ეს არის „ორმხრივი მოძრაობა“, საკმაოდ რთული და ურთიერთ თანმხვედრი გზა.

 

ბუნებრივია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებისა და განვითარების  გარკვეულ ეტაპზე შრომისა და დასაქმების სფეროებთან ერთად სოციალური პარტნიორობის აუცილებლობა წარმოიშობა პროფესიულ განათლებაშიც. ეს პარტნიორობა ყალიბდება მხოლოდ პროცესის თვითოეული მონაწილის ინტერესთა შეთანხმების, უფლება - მოვალეობათა   განსაზღვრის საფუძველზე და კოლექტიური თანამოქმედების პირობებში.

 

ევროპის  გამოცდილება აგრეთვე გვიჩვენებს, რომ გამართული  პარტნიორობა  ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებას უქმნის  განვითარებისა და სრულყოფის უმძლავრეს შესაძლებლობებს, ის უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მომსახურების ქმედითუნარიან კავშირს ეკონომიკასთან, უშუალოდ ბიზნესთან და პირველ რიგში  დასაქმების სფეროსთან, შრომის ბაზარზე ამკვიდრებს კვალიფიკაციების, უნარ - ჩვევებისა და კომპეტენციების საჭირო ბალანსს.

 

ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური პარტნიორობის სისტემის ფორმირება  მიმდინარეობდა  გასული საუკუნის 50 - ნი წლების შუალედიდან - 90 - ნი წლების დასაწყისამდე  და ხორციელდებოდა ფართო სოციალური დიალოგის განვითარების პროცესში. სწორედ ამ დროსათვის ჩამოყალიბდა სოციალური პარტნიორობის ძირითადი მოდელები და მიდგომები პროფესიულ განათლებაშიც. ამ მოდელებში ხაზგასმულად გამოიკვეთა სახელმწიფოს როლის ახლებურად გააზრების აუცილებლობა, მათ შორის პროფესიული განათლების ორგანიზებასა და მართვაში. აღნიშნული მიდგომები და მოდელები  ევროპის ქვეყნებში ყალიბდებოდნენ  შრომის ბაზრის თვისობრივად ახალი სახით და სწრაფი ფორმირების პირობებში, რაც, პირველ რიგში, გამოწვეული იყო ტექნოლოგიების  სწრაფი განვითარებით და, აქედან გამომდინარე, ახალი მოთხოვნილებით უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციების მიმართ, მთლიანობაში კი - ეკონომიკისა და კონკრეტული დარგების მხარდაჭერის აუცილებლობით.

 

სოციალური დიალოგი ევროპაში ინიცირებული იყო ვალ-დუშესში ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟაკ დელორის მიერ. ამ დიალოგის მონაწილეები გახდნენ:

-        ევროპის მეწარმეთა და დამსაქმებლებთა კონფედერაციების კავშირი (UNICE);

-        სახელმწიფო მონაწილეობის მქონე და საერთო ეკონომიკური ინტერესების საწარმოთა ევროპული ცენტრი (СЕЕР);

-        პროფესიული კავშირების ევროპული კონფედერაცია (ETUC);

-        სახელობო, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ასოციაცია.

 

ამ სახით დიალოგის გამართვა ევროპის კავშირში  მიჩნეულ იქნა დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად და, აქედან გამომდინარე,  აქტიურად დაიწყო  საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაში პარტნიორობის მექანიზმების გაძლიერების შემუშავება.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისთვისაც აგრეთვე სავალდებულო ხდება სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის ფუძემდებლური მოთხოვნების გაზიარება და ევროპაში აღიარებული პრინციპების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების მრავალ სფეროში  პრაქტიკული რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკაში დამკვიდრება.

 

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივი  დეკლარირების მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროში, მათ შორის პროფესიული განათლებაშიც, სოციალური პარტნიორობა კვლავ რჩება სახელმწიფოს ფორმალურ, ფასადურ  ატრიბუტად. ამ ინსტიტუტმა  საქართველოში ვერა და ვერ შეიძინა ქმედითუნარიანი სახე.  განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრომ, მეწარმეთა და  დამსაქმებელთა გაერთიანებებმა, პროფესიულმა კავშირებმა ვერ მოახერხეს მიზნობრივი, ფართო სოციალური დიალოგის განვითარება და სოციალური პარტნიორობის თვითოეული მონაწილის რეალური ინტერესების, პრაქტიკული როლისა და ფუნქციების გამოკვეთა-განსაზღვრა და ამ ინსტიტუტის მექანიზმების სრულფასოვანი ამოქმედება როგორც ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე მისი ვერტიკალის ყველა საფეხურზე. წლების განმავლობაში აქცენტი უფრო მეტად კეთდებოდა სოციალური პარტნიორობის საბჭოს (ფორმალური ორგანოს), როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტის შექმნასა და მუდმივ გადახალისებაზე, პერსონიფიცირებული ინტერესების ლობირებაზე და არა  ურთიერთ დაინტერესების პრინციპებზე აგებული, ქმედითუნარიანი ინსტიტუციური სტრუქტურების ფორმირებაზე.                                                                              თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ ჩვენი  ქვეყანა არ წარმოადგენს უნიკალურ გამონაკლისს და ამ სახის პრობლემები შეინიშნება როგორც საბაზრო მდგრადი  ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარკვეულ ნაწილში, აგრეთვე მთელ რიგ განვითარებად და მით უფრო პოსტ-საბჭოურ ქვეყნებშიც. მაგრამ ეს ვითარება არ ამართლებს ამ მეტად აქტუალური საკითხისადმი ჩვენს ფორმალურ მიდგომებს და  უშედეგო ძალისხმევას სოციალური დიალოგის გამართვისა და პარტნიორობის ინსტიტუტის დამკვიდრებისა და განვითარების მიმართ.

 

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი მოუწოდებს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს:

ü გადახედოს თავის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიდგომებს სოციალური პარტნიორობის მიმართ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით;

ü  გამართოს რეალური დიალოგი უშუალოდ ბიზნესის სექტორალურ გაერთიანებებთან, დარგობრივ პროფკავშირებთან და შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ü მიაღწიოს დარგობრივი პრინციპით მეწარმეთა აქტიურ ჩართულობას: საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემუშავებაში, სასწავლო დაწესებულებების დაფუძნების საკითხების განხილვაში, სტანდარტების შედგენის, სწავლებისა და მომზადების შინაარსის განსაზღვრის, ხარისხის შეფასების, კვალიფიკაციის მინიჭების და აღიარების საკითხებში.

ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია  საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა  და  დადებითი მაგალითების ადაპტაციის შესაძლებლობის  განხილვა საქართველოში არსებული ვითარების გათვალიწინებით.

ამასთან დაკავშირებით აგრეთვე გთავაზობთ გაეცნოთ პუბლიკაციას: „სოციალური პარტნიორობის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“

უკან
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE