ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, როდესაც არ არსებობდა  სპეციალიზებული დაწესებულებები და არც სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, ადამიანი უკვე იყენებდა  სწავლების სხვადასხვა ფორმებს, რომელთა ნაწილი დღესაც არ არის მივიწყებული.

თანამედროვე სამყაროშიც ადამიანს  არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სხვა, ალტერნატიული გზითაც შეუძლია შეიძინოს ან გააუმჯობესოს ცოდნა და უნარები, ვინაიდან სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ არ  მიიღწევა სასურველი შედეგი.

ამ რეალობის გათვალისწინებით, იუნესკომ და მეცნიერების საერთაშორისო საბჭომ შემდეგი ფორმულირებით განსაზღვრეს შემეცნებითი აქტიურობის სახეობები:

  • ფორმალური განათლება - არის განათლების ფორმა, რომელიც სტრუქტურირებულია სწავლების   მიზნებისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მას ღებულობენ სასწავლო დაწესებულებებში და ის დასტურდება ოფიციალური სერტიფიკატით.
  • არაფორმალური განათლება, რომელიც აგრეთვე  სტრუქტურირებულია ოღონდ მიზნების მიხედვით, დასტურდება გარკვეული დოკუმენტით, მისი განხორციელება ხდება სხვადასხვა სასწავლო კურსების, ტრენინგების მეშვეობით, მ.შ. სამუშაო  ადგილზეც.
  • ინფორმალური განათლება - მიმდინარეობს ყოველდღიურად და  დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, საზოგადოებრივ საქმიანობასთან, ან გართობა-დასვენებასთან, ის არ არის სტრუქტურირებული მიზნებისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით. მისი სპეციფიკა დიდწილად ემთხვევა ზრდასრული ადამიანის ცხოვრებისეულ ქმედებებს.

ანალიტიკოსების აზრით, ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში საზოგადოების განვითარების მოდელი ეფუძნება მართვის  ახალ მიდგომებს, სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს, ინფორმატიზაციას, ინოვაციებს, ამიტომ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ განათლების სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობას და მიმართულებებს. მისი სრულყოფის პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ სწავლების ორგანიზების ტრადიციული მიდგომები და ფორმები - ნაკლებად  ეფექტურია იმის გამო, რომ მათი მიზანი იყო «განათლება - მთელი ცხოვრებისათვის» (ანუ, ცოდნა და უნარები - ერთი დიპლომის ფარგლებში). განათლების ახალ მოდელს კი უკვე საკმაო ხანია საფუძვლად დაედო  საყოველთაოდ აღიარებული - ცხოვრების განმავლობაში სწავლების («LifelongLearning»)  სტრატეგია.

იმავდროულად, რიგი ექსპერტის შეფასებით, განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებულად აქტიური ჩარევის შედეგად შეინიშნება მზარდი ბიუროკრატიზაციის ტენდენციები, რის გამოც განათლების ტრადიციული ფორმალური მოდელი არ შეესაბამება ახალ გამოწვევებს, სოციალურ დინამიკასა და  მოთხოვნილებებს. ადამიანის საქმიანობის აქტუალურ მიმართულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოსვლის შედეგად და ცხოვრების ცვალებადი წესი პიროვნებას  სულ უფრო აქტიურად უყენებენ პროფესიული მობილობის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფის მუდმივი განახლების აუცილებლობას.

ექსპერტების მიერ აგრეთვე  მიჩნეულია, რომ ფორმალური განათლების სისტემები ძალზე ნელი ტემპით ახდენენამ ცვლილებებთან ადაპტაციას და მათი განვითარების პროგრესს აფერხებს არა მხოლოდ კონსერვატიზმი და გადამეტებული ფორმალიზება, არამედ ბიუროკრატიზაციისათვის დამახასიათებელი ინერციაც. ფორმალური განათლების პირობებში სწავლება  ძირითადად კვლავ ეფუძნება  მეცნიერების, ენების, ისტორიის, ხელოვნების საფუძვლების ტრანსლაციის პრინციპებს. ამავე დროს, ექსპერტთა აზრით, განათლების ალტერნატიული მოდელი - არაფორმალური განათლება, საზოგადოებრივი ან კერძო განათლების სახით, უზრუნველყოფს აქტუალური, რეალურად მოთხოვნილი ცოდნისა და უნარების მიწოდებას.

თავდაპირველად არაფორმალური განათლების განვითარება ევროპაში   იდენტიფიცირებული იყო  როგორც ინოვაცია. ამის გათვალისწინებით საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ  დამოუკიდებელი ექსპერტის აზრით  არაფორმალური განათლება   წარმოადგენს განათლების  ახალი როლის - "განათლება - მდგრადი განვითარებისთვის" მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და გარკვეულ წილად განსაზღვრავს განათლების ახალ პარადიგმას.  სტრატეგიაში (Europe 2020 Strategy) ის მიჩნეულია მნიშვნელოვან კომპონენტად და მოიაზრება, როგორც  მრავალსახოვანი, მოქნილი ორგანიზაციისა და ფორმების მქონე საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული, აქტუალური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ინსტიტუციონალურ ფორმალურ განათლებასთან შედარებით ის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური არაინსტიტუციონალური ფორმაა, რომელიც იმავდროულად მოითხოვს ნაკლებ ფინანსურ რესურსებს. იუნესკოს მონაცემებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში დამატებითი (არაფორმალური) განათლებით უკვე მოცულია 25-64 წლის ასაკის   40%-ზე მეტი ადამიანი.

ანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ამ პროცესს უდაოდ გააჩნია ზრდის ტენდენცია, ვინაიდან არაფორმალური განათლების სპეციფიკა გამოიხატება იმაში, რომ ის სისტემურია, ოღონდ თვით ადამიანი განსაზღვრავს მიზნებს, შედეგებსა და სწავლების ხანგრძლივობას და მიუხედავად იმისა, რომ შედეგი არ დასტურდება სახელმწიფო ნიმუშის დოკუმენტით, მავანისათვის ის  სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ არაფორმალური განათლება ფორმალურისაგან განსხვავდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • კონკრეტულ მოთხოვნილებაზე მორგებული სწავლება;
  • მყარი კავშირი პრაქტიკასთან (პრაქტიკული შრომითი უნარების დაუფლება, პროფესიული მომზადება უშუალოდ სამუშაო ადგილზე);
  • მოქნილი პროგრამები, მეცადინეობის ცხრილები, ვარიატიული ჩატარების ადგილი და სწავლების საკმაო ინტენსიურობა.

არაფორმალური განათლების გააქტიურება აგრეთვე აიხსნება თანამედროვე ქსელური საინფორმაციო-კომუნიკატიური ტექნოლოგიების განვითარებით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სივრცის და დროის საზღვრების დაძლევა და ინფორმაციის მყისიერი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ანუ ინტერნეტის ქსელში ჩართვის მეშვეობით არაფორმალური განათლების მიღება შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. აქტიურად ვითარდება  მასიური ღია დისტანციური კურსების პლატფორმებიც (Coursera, EDX, Udacity და სხ.). ელექტრონული სწავლება (e-learning) ამჟამად უკვე აღიარებულია როგორც მომავლის განათლება.

იმავდროულად, ვირტუალური ინტერნეტ - რესურსების გარდა არაფორმალური  განათლება აქტიურად იყენებს მრავალი სახის off-line ინსტრუმენტებს. მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ სასწავლო კურსები, ტრენინგები, მასტერ-კლასები, მოკლევადიანი მომზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, ბიზნეს -კონფერენციები, ფორუმები და ა.შ.                                                                                 პერსპექტივაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა კარგად იციან, რომ  კორპორატიული სწავლების  ფორმალური  მოდელი წარმოადგენს პერსონალის განვითარების განუყრელ ნაწილს. მაგრამ  ამ თვალსაზრისით არაფორმალურმა სწავლებამაც შეიძინა არანაკლები და მზარდი მნიშვნელობა. ბიზნესი დღეს უჩვეულოდ ინტენსიურია და კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ  მას განვითარების მეთოდოლოგიაში, ვინაიდან იციან, რომ რაც უფრო ოპერატიულად და უკეთ  იქნება ინფორმირებული და მომზადებული თანამშრომელი, მით უფრო დროულ და შესაბამის მხარდაჭერას მისგან მიიღებს კომპანია  და თავად ბიზნესი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი.                                                                                                                      დიდი მნიშვნელობას ენიჭებს ბიზნესი (განსაკუთრებით მცირე და საშუალო) მუშა ხელის  არაფორმალურ პროფესიულ განათლებას, რომელიც მოწოდებულია:  ნებისმიერ ადამიანს  კარიერული თუ პიროვნული ზრდისათვის შეუქმნას  ინდივიდუალური საგანმანათლებლო ტრაექტორიის ფორმირების შესაძლებლობა; საგნმანათლებლო  პროცესში შექმნას ახალი სასწავლო  ტექნოლოგიებისა და პრინციპების სწრაფი დანერგვის პირობები, რომლებიც  საინფორმაციო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების  გამოყენებით  უზრუნველყოფენ ცხოვრების განმავლობაში სწავლების (LLL) კონცეფციის რეალიზაციას.

ოპონენტების გარკვეული ნაწილი კი ხაზს უსვამს ფორმალური და არაფორმალური (ინფორმალური) განათლების ინტეგრაციის მიზანშეწონილობას  როგორც პიროვნების წარმატებული განვითარებისათვის საჭირო,მნიშვნელოვან პირობას. თუმცა, პასუხი კითხვაზე - თუ როგორ და რა ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს და შესაძლებელია სწავლების ამ ფორმების არა დამანგრეველი, არამედ კონსტრუქციული, ეფექტური ინტეგრირება მცდელობების მიუხედავად ჯერჯერობით ღიად რჩება.

არაფორმალური განათლების მოწინააღმდეგები  ხშირად აცხადებენ, რომ მას არ გააჩნია საკუთარი სტრუქტურა, რომ არაფორმალური სწავლების ზოგიერთი ფორმა არ აღწევს სასურველ შედეგს. პასუხად შეიძლება განუცხადოთ: არაფორმალური სწავლება ნამდვილად უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ ეს მიიღწევა მაშინ როდესაც   სწავლების პროცესს გააჩნია საყრდენი სტრუქტურა, რომელიც თავის მხრივ, უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მიზნებს და რაც ეხმარება ყველა მონაწილეს.  ამასთან აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სწავლებაში უნდა ვიყენებდეთ მხოლოდ თანამედროვე და აქტუალურ ინფორმაციას. 

ამ პუბლიკაციის კონტექსტში ალბათ მნიშვნელოვანია გავცეთ პასუხი ისეთ კითხვაზეც თუ როგორ აღიქვამენ არაფორმალურ განათლებას, მის როლს, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს ჩვენ ქვეყანაში ?

არსებული ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ნაკლებად ითვალისწინებს და იყენებს მის პოტენციალს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალური პოლიტიკის რეალიზაციაში, მოსახლეობისათვის აქტუალური ცოდნისა და უნარების მიწოდებაში.

ამავე დროს რიგი ექსპერტების აზრით, ჩვენი საზოგადოების  ფუნქციონალური წიგნიერების დონე არ არის საკმარისი. და თუ დღეისათვის მეტ-ნაკლებად  ვახერხებთ, მაგალითად, კომპიუტერული ცოდნის მიწოდებას, არასათანადო შედეგს ვაღწევთ  სამართლებრივი, სამოქალაქო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში და სამუშაო ძალის  სრულყოფილი პროფესიული კომპეტენციებით აღჭურვის საქმეში.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ადამიანის პროფესიული ფორმირება და პიროვნული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციულად გაჯერებულ გარემოში, საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი გახდა ძალზე მნიშვნელოვანი და ამ უნარის სწრაფად დაუფლების ხელშეწყობაში არაფორმალურ განათლებას  მნიშნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.  

ცივილიზებულ სამყაროში  კარგად ესმით, რომ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა  არაფორმალური განათლების ერთ-ერთ წამყვან ამოცანასაც წარმოადგენს და რომ ამ მხრივ მას საკმაო არარეალიზებული პოტენციალი და საქმე გააჩნია. ოღონდ ამ მიმართულებებით გააქტიურების პროცესში არ უნდა დავუშვათ  უზომო ბიუროკრატიზებული „ორგანიზება“ და ჭარბი ფორმალიზება, რის შედეგადაც შეიძლება ბორკილები დავადოთ, ან სრულიად დავაკნინოთ ჯერ კიდევ ფეხზე არდამდგარი განათლების ეს სფერო.

ყურადსაღებია, რომ მრავალ ქვეყანაში პრაგმატულად არის გადაწყვეტილი არაფორმალური განათლების აღიარების საკითხი და მას  აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში.

ფინეთში არაფორმალური სექტორის სახელმწიფო ბიუჯეტი (!!!) ქვეყანაში ზრდასრულთა განათლებისათვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების 24% -ს შეადგენს. აგრეთვე მოქმედებს  არაფორმალური ან / და ინფორმალური გზით მიღებული განათლების აღიარების  სისტემა, რომელსაც სახელმწიფო მხარს უჭერს, აგრეთვე შექმნილია კვალიფიკაციის სრულყოფის დადასტურების შესაძლებლობაც.

საფრანგეთშიც არსებობს არაფორმალური სწავლის შედეგების დადასტურების (აღიარების) ტრადიცია. 2002 წელს მიიღეს კანონი "სოციალური მოდერნიზაციის შესახებ" და დაინერგა "გამოცდილების მეშვეობით მიღებული ცოდნის ვალიდაციის პრაქტიკა“(«Validation des Aquis de l’Expérience» (VAE).  შეიქმნა არაფორმალური და ინფორმალური განათლების აღიარების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, უზრუნველყოფილია მისი რეალიზაციის პირობები.

 

გერმანიაში, პროექტის Weiterbildungspass ( "შემდგომი განათლების პასპორტი") ფარგლებში ხორციელდება არაფორმალური განათლების პირობებში შეძენილი კომპეტენციების შეფასება და დადასტურება. პროექტი Lernkultur Kompetenzentwicklung („ სწავლების კულტურის კომპეტენციების განვითარება") ორიენტირებულია  პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებასა  და არაფორმალური სწავლების ეფექტურობის ამაღლებაზე. გერმანიაში ასევე არსებობს Nachweismappe Ehrenamt („მოხალისეს პორტფოლიო"). კომპეტენციების დადასტურებას  Kompetenzbilanz პასპორტს  გააჩნია მრავალ დონიანი შეფასების სისტემა.

 

ნიდერლანდებში არაფორმალური განათლების გავლის შედეგად  შეძენილი კვალიფიკაციების დადასტურება ხდება შეფასების  EVC (Erkenning Verworven Competenties) საკმაოდ ლიბერალური პროცედურის მეშვეობით.

 

დიდ ბრიტანეთში, არაფორმალური განათლების შედეგების აღიარების მარეგულირებელი ბაზის ჩამოყალიბება საკმაო ხნის წინ დაიწყო, რითაც დროულად მიღებულ იქნა პროფესიული განათლების დეზინტეგრაციის გადალახვის ზომები. ეროვნული პროფესიული კვალიფიკაციების (NVQs) შემოღებამ  უზრუნველყო მოდულური სისტემის ფორმირება, რომელიც წარმოადგენს სასკოლო განათლების ალტერნატივას და ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას.

 

არაფორმალური განათლების აღიარების რომელიმე გამოცდილების და ჩვენთვის ოპტიმალური მოდელის დანერგვას, ჩვენი პროგნოზით, ხელს შეუშლიან მთელი რიგი სამართლებრივი, სისტემური, ორგანიზაციული, მეთოდოლოგიური და ფსიქოლოგიური ბარიერები. ეს ბარიერები კონცეფცია «LifelongLearning» გამოყენების საშუალებასაც  შეზღუდული სახით და გარკვეული ტრანსფორმაციით იძლევიან.

პრობლემების  ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად  მოგვარების კონტექსტში  ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი ასპექტები, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური ინსტიტუტების და განათლების ფორმალური და არაფორმალური სფეროების ეფექტური ურთიერთქმედების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში მათი საქმიანობის სხვადასხვა სექტორში  გამიჯვნაც, აგრეთვე არაფორმალური პროფესიული განათლების პოზიციების (ფუნქციების) სათანადო ასახვა საკანონმდებლო და მარეგულირებელ აქტებში.

სამწუხაროდ, არაფორმალური განათლების განვითარების იდეა ჩვენ ქვეყანაში დაყვანილია  ფორმალური პროფესიული განათლების შემდგომი დამატებითი პროგრამების დონემდე.  მას არ გააჩნია სათანადო სამართლებრივი სტატუსი."პროფესიული განათლების შესახებ"კანონის ახალ პროექტშიც ყველაფერი იზღუდება არაფორმალური განათლების თემაზე დეკლამაციით. პროექტი ახდენს მხოლოდ ცნების რეგლამენტაციას და სიმბოლურად უთითებს სახელმწიფოს მიერ რეგულირებული სავალდებულო სტანდარტებისგან, პროგრამებისაგან და მეთოდური მიდგომებისგან თავისუფლებაზე.

ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების ურთიერთ კავშირი არ არის აყვანილი განათლების პოლიტიკის დონეზე და  იკითხება როგორც დემონსტრაციული (მოჩვენებითი) განზრახულებათა ოქმი. ამავე დროს შეინიშნება გარკვეული წინაპირობა და საფრთხე იმისა, რომ  სახელმწიფო  სტრუქტურები ეცდებიან არსებული ხარვეზი დაფარონ  ტრაფარეტული ჩარჩო აქტებით. რათა შემდგომ  დაიწყონ თავისი ფორმალიზებული პრინციპების და პირობების კარნახი. ასევე შეინიშნება იმის მცდელობაც, რომ ფორმალურმა განათლებამ, დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების ნაცვლად, დაიწყოს მისთვის არაჩვეული (შეუსაბამი) ფუნქციების მიკუთვნება და მიიწეროს ყველა  ის პროცესი, რომელიც წარმატებული ქვეყნების  ანალოგიით  ვითარდება ჩვენს არაფორმალურ პროფესიული განათლების სფეროშიც.

ამდენად, მრავალი მახასიათებლების, თავისებურებების, უპირატესობების კონცეპტუალურმა და ფაქტობრივმა განხილვამ ცხადყო, რომ მიუხედავად ინერციისა ფორმალური განათლების მიმართ  და სამთავრობო სტრუქტურების მძლავრი მხარდაჭერისა, არაფორმალური და ინფორმალური განათლების დომინირება - გარდაუვალი ხდება.

 

და ბოლოს. ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური პროფესიული  განათლების განვითარების მხარდაჭერისათვის გამოკვეთილად მნიშვნელოვანია მისი საჯარო აღიარება, რაც განათლების სხვა ფორმებთან ერთად მას მისცემს საშუალებას უფრო ღიად წარდგეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და სხვადასხვა სპეციალიზაციის პროვაიდერების მეშვეობით თამამად შეთავაზოს საზოგადოებისათვის აქტუალური საგანმანათლებლო მომსახურება. 

არაფორმალური განათლება - ფორმალიზებული საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებში
კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, როდესაც არ არსებობდა სპეციალიზებული დაწესებულებები და არც სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, ადამიანი უკვე იყენებდა სწავლების სხვადასხვა ფორმებს, რომელთა ნაწილი დღესაც არ არის მივიწყებული. თანამედროვე სამყაროშიც ადამიანს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სხვა, ალტერნატიული გზითაც შეუძლია შეიძინოს ან გააუმჯობესოს ცოდნა და უნარები, ვინაიდან სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ არ მიიღწევა სასურველი შედეგი.
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE