ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

აქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის პროექტი

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის  აქტიური მონაწილეობით, მეფუტკრეთა გილდიასთან თანმშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა „საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია 2014 – 2020“- ს პროექტი, რომლის რეალიზაციაში ფონდი აგრეთვე მიიღებს აქტიურ მონაწილეობას.

მეფუტკრეობას, როგორც სოფლის მეურნეობის დარგს, საქართველოში გააჩნია  მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, განვითარების ღირსშესანიშნავი ეტაპები და საკუთარი აბორიგენული ჯიშის ფუტკარი, რომელსაც საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული აქვს სამი ოქროს მედალი. სამწუხაროდ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ქართულ მეფუტკრეობაში გამოიკვეთა არაერთგვაროვანი, ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციები. რომ დავენდოთ სტატისტიკურ მონაცემებს ფუტკრის ოჯახის რაოდენობა 97,5 ათასიდან გაიზარდა 3,5 ჯერ (2000 – 2012 წ.წ.), ხოლო თაფლის წარმოება ერთ ოჯახზე გაანგარიშებით შემცირდა 20 %. და საშუალოდ არ აღემატება 11,8 კილოგრამს,  რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მეფუტკრეობის განვითარება მიმდინარეობდა მხოლოდ ექსტენსიური გზით და ძირითადად ხორციელდებოდა მხოლოდ მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სამოყვარულო სექტორის ხარჯზე.  სტატისტიკის მონაცემების ანალიზის მიხედვით რიგი წლების მანძილზე სრულიად დაუბალანსებელი იყო მეფუტკრეობის პროდუქტების იმპორტ - ექსპორტი. არ მიმდინარეობდა ბაზრების დივერსიფიკაცია და არ გამოიკვეთა საექსპორტო პოტენციალის ზრდის ტენდენცია. მწარმოებლების მიერ  აქცენტი კეთდებოდა მეფუტკრეობის პროდუქტების პირველად წარმოებაზე და ყურადღება არ ექცევოდა თანმედროვე ტექნოლოგით მათ გადამუშავებას, სასაქონლო სახის მიცემასა და გარე ბაზრებზე შეღწევას. პირველმა გადამმამუშავებელმა  საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ 2010 წლიდან, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით რეალური გახდა დარგის საექსპორტო პოტენციალის რეალიზება.

ამჟამად მსოფლიო დგას სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე, გამოიკვეთა ფუტკრის მასიური დახოცვის ტენდენცია, რაც, სავარაუდოთ,  გამოწვეულია დაავადებათა გავრცელებით, პესტიციდების ჭარბი და გაუაზრებელი გამოყენებით   და გენმოდიფიცირებული მცენარეების გამრავლებით, რის გამო ბოლო პერიოდში მიმდინარეობს პუტკრის რაოდენობის კატასტროფული  კლება, შეიქმნა 13,4 მლნ. ფუტკრის ოჯახის დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს  სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე. მეცნიერებას დამტკიცებული აქვთ, რომ ფუტკრის ერთ ოჯახს დღეში შეუძლია დაამტვერიანოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების რამდენიმე ჰექტარი, ენტომოფილურ მცენარეთა  6  მილიონამდე ყვავილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენტომოფილური კულტურების 80%-ის დამტვერვა ხდება ფუტკრის საშუალებით, რის შედეგადაც იზრდება მოსავალი და უმჯობესდება ნაყოფისა და თესლის ხარისხი. საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მკვლევარების დასკვნით ფუტკრის რაოდენობრივი კლება იწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შემცირებას. საქართველოშიც შეინიშნება ამ სახის კულტურების კლების ტენდენცია. მხოლოდ მეხილეობის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროდუქციის მოცულობა ბოლო ხუთ წელიწადში შემცირდა 70 ათასი ტონით.  ევროკავშირის ექსპერტები აღნიშნავენ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ძალზე დაბალ პროდუქტიულობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახვა ფაქტორებთან ერთად საქართველოში მოწინავე ქვეყნებისგან განსხვავებით მცენარეთა დამტვერიანებაში აქტიურად  არ  გამოიყენება მეფუტკრეობის შესაძლებლობები, რის გამოც  ამ სახის მომსახურება არ აისახება დარგის ეკონომიკაში. მინიმალური ნორმების გათვალისწინებით მხოლოდ კულტურულ მცენარეთა სრულყოფილი დამტვერიანებისთვის  გვესაჭიროება ფუტკრის ოჯახების მოთხოვნილების შესაბამისი გაზრდა და გეგმაზომიერი გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მემცენარეობის  პროდუქტიულობის ზრდას.

 ქართული ჯიშის ფუტკარი ცნობილია  საერთაშორისო  ბაზარზე. ამის გათვალისწინებით  განაყოფიერებული დედა ფუტკარი და მისი ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები სავსებით შესაძლოა, რომ განიხილებოდეს საკმაო მოცულობისა და საექსპორტო პოტენციალის მქონე  საქონლად. ამის შესაძლებლობას იძლევიან ქვეყნის  ბუნებრივ-კლიმატური პირობები, მდიდარი ფლორა,  თაფლოვან მცენარეთა  მოცულობა. ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 2020 წლამდე  შეიძლება გაიზარდოს  15 – 20 %.  ოჯახების რაოდენობრივი ზრდით და წარმოებისადმი ინტენსიური მიდგომით თაფლის წარმოებამ ამავე პერიოდში შეიძლება მიაღწიოს 11 ათას ტონას.

აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული მეფუტკრეობის პროდუქტების, მათ შორის თაფლის, სარგებლიანობაზე, ბიოლოგიურ და აპი-თერაპიულ თვისებებზე. განვითარებულ ქვეყნებში  ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით თაფლის  მოხმარების  წლიური  მაჩვენებელი  აღწევს 3 კილოგრამს, ხოლო  ჩვენს ქვეყანაში ამ პროდუქტის მოხმარება  2 ჯერ ნაკლებია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ  შიდა ბაზრისთვისაც ობიექტურად არსებობს თაფლის წარმოებისა და მოხმარების ზრდის  პოტენციალი. პარალელურად შესაძლებელია მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების წარმოების გაზრდაც.მათგან წარმოებული კოსმეტოლოგიური, პარფიუმიერული და აპი-თერაპიული პროდუქცია ექსპორტის თვალსაზრისით აგრეთვე  წარმოადგენენ საკმაო ინტერესს.

ცალკე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მოსახლეობის 46,2 %  ცხოვრობს სოფლად, მოსახლეობის ამ ნაწილში უმუშევრობა რეალურად აღემატება 7%, ხოლო  ცხოვრების დონე კლებულობს. მეფუტკრეობის აქტიური განვითარების პირობებში, სწავლების შედეგად, ხელი შეეწყობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის  თვითდასაქმებასა და თანადასაქმებას, შეექმნება  ძირითადი და დამატებითი შემოსავლების ზრდის პირობები და შესაძლებლობები. 

შემუშავებული სტრატეგია მიმართულია  დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე, მის განვითარებაზე, დარგში სწავლების გაუმჯობესობაზე და მოსახლეობის დასაქმებაზე, შემოსავლების მატებაზე და სიღარიბის დაძლევაზე, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე და ეკონომიკაში არსებითი წვლილის შეტანაზე.

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE